Accessibility links

ამერიკელმა კონგრესმენებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანელ დემონსტრანტებს


ირანელი სტუდენტების და სამართალდამცავების დაპირისპირება თეირანის უნივერსიტეტთან. 2017 წლის 30 დეკემბერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 415 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარს უჭერს ირანის რეპრესიული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ კანონიერი და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილე ირანელ ხალხს. რეზოლუციაში დაგმობილია ირანის ხელისუფალთა მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, ახალი სანქციები დაუწესოს ირანში ადამიანის უფლებათა დამრღვევებს. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ანტისამთავრობო გამოსვლები დეკემბრის ბოლოს დაიწყო უმუშევრობის, ფასების ზრდისა და კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად. დემონსტრანტებისა და პოლციელების შეტაკებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი. ირანის პარლამენტის რეფორმისტი დეპუტატის, მაჰმუდ სადეღის ინფორმაციით, ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ დაკავებულია 3700-მდე პირი. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება ირანის მთავრობის მიერ დასახელებულ რაოდენობას. ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა აშშ და დიდი ბრიტანეთი. 9 იანვარს, აიათოლა ხამენეიმ ტვიტერზე დაწერა, რომ მარცხი განიცადეს მათ, ვინც უცხოეთიდან ცდილობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დამხობას.

XS
SM
MD
LG