Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ისგან მოითხოვს სირიელი ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტას


რეჯეპ ტაიპ ერდოანი და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 2017 წლის16 მაისი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 2017 წლის16 მაისი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სირიაში ამერიკელი და თურქი სამხედროების კონფლიქტი. 24 იანვარს, ერდოანთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია საფრთხეს უქმნის ერთობლივ მიზანს, ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ერდოანმა ვაშინგტონს მოთხოვა, შეწყვიტოს სირიელი ქურთების შეიარაღებული რაზმების მხარდაჭერა. აშშ შეშფოთებულია, რომ თურქეთის ავიაცია შეიარაღებული ქურთების პოზიციებს ბომბავს ქალაქ მანბიჯთან, სადაც ქურთი მებრძოლების გასაწვრთნელად იმყოფებიან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები. 20 იანვარს, თურქეთმა მოსაზღვრე სირიის აფრინის რაიონში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით, „ზეთისხილის რტო,“ რომელიც მიმართულია ადგილობრივი ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ. აშშ-ისგან მხარდაჭერილ ფორმირებებს ანკარა მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთების მუშათა პარტიის განშტოებად. თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ოპერაცია, რომლის მიზანია ტერორისტებისგან სირიის ჩრდილოეთ რეგიონების გათავისუფლება, მიმართულია არა მხოლოდ ქურთების შეიარაღებული ფორმირებების, არამედ ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაც. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად თურქეთ-სირიის საზღვართან უნდა შეიქმნას უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა.

XS
SM
MD
LG