Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადებები სახიფათო ინტერპრეტაციად შეაფასა


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მიუღებელი და საფრთხის შემცველი უწოდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსეთის მხრიდან. ზურაბ აბაშიძეს სააგენტო ინტერპრესნიუსმა თხოვა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინტერვიუზე, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტში.“ კარასინის განცხადებით, 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების გეოგრაფიული კოორდინატები, კერძოდ, რუსეთთან საზღვარზე მდებარე ყაზბეგის რაიონი, მდინარე ენგურის სამხრეთ ნაწილი, რომლის შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება და გორის შემოგარენი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მახლობლად. კარასინის საპასუხოდ, ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რომ შეთანხმებაში არ არის საუბარი არავითარ საბაჟო საზღვრებზე. „საუბარია ტერმინალებზე, რომლებიც უნდა განლაგდნენ 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული სავაჭრო დერეფნების შესასვლელში და გასასვლელში. ამავე დროს, ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ არსად აფხაზეთი ან ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არ არის” - განაცხადა აბაშიძემ. მისივე თქმით, გრიგორი კარასინის ინტერვიუ შეიცავს ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება შეთანხმების პრინციპებსა და არსს. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში უკვე გააფორმა შესაბამისი კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, ამით დაადასტურა კონსტრუქციული მიდგომა და ახლა რუსეთმა უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. აბაშიძის განმარტებით, შვეიცარიული კერძო კომპანიის მოვალეობაა აღნუსხოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში გადაადგილდება ამ დერეფნებში, ხოლო, ის თუ რა ტვირთი გაივლის, საქართველოს გადასაწყვეტია ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. „ამ მექანიზმის სხვაგვარი ინტერპრეტირება ყოვლად მიუღებელია და რეალურ საფრთხეს შეუქმნის 2011 წლის შეთანხმების რეალიზაციას“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ვაჭრობის მსოფლიო ორაგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას, შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი დოკუმენტების პაკეტს. ის მოიცავს შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური, მესამე მხარის როლს განამტკიცებს.

XS
SM
MD
LG