Accessibility links

ტრამპი „გამოგონილ ამბავს“ უწოდებს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობას რობერტ მიულერის მოხსნის გეგმაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „გამოგონილი ამბავი“ უწოდა ინფორმაციას, რომ გაცემული ჰქონდა განკარგულება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მოხსნის შესახებ, მაგრამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, რადგან მისივე ადვოკატი დაიმუქრა პროტესტის ნიშნად გადადგომით. მიულერს ევალება აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება. გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ 25 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, რომ ტრამპმა 2017 წლის ივნისში მოითხოვა მიულერის მოხსნა, მაგრამ თეთრი სახლის იურიდიული მრჩეველი დონალდ მაკგანი დაიმუქრა, რომ გადადგომა ურჩევნია ასეთი დავალების შესრულებას. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, მაკგანმა განაცხადა, რომ მიულერის გადაყენებას მოჰყვებოდა „კატასტროფული“ შედეგები ტრამპის მმართველობისათვის. სტატია დაწერილია ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ტრამპმა ინფორმაცია უარყო 26 იანვარს შვეიცარიის კურორტ დავოსში, სადაც იმყოფება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით. „გამოგონილი ამბებია, ხალხო, გამოგონილი ამბები. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ტიპური გამოგონილი ამბები“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს სტატიაში მოყვანილ ინფორმაციაზე გამოხმაურებისას. აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს დადგენილი აქვთ, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსების გასაუარესებლად. რობერტ მიულერის გუნდი და კონგრესის სამი კომიტეტი ცალ-ცალკე იძიებენ რუსეთის ჩარევისა და მოსკოვთან ტრამპის გუნდის კავშირის შესახებ ბრალდებებს. ტრამპი და რუსეთი უარყოფენ ბრალდებებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG