სირიაში მდებარე აფრინის რაიონის ქურთი ლიდერები დამასკს მოუწოდებენ, დაეხმაროს მათ თურქეთის სამხედრო ინტერვენციისაგან მოსახლეობის დაცვაში. ეს მოწოდება შესულია განცხადებაში, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა აფრინის რაიონის ხელმძღვანელობის ვებსაიტზე. სირიის მთავრობისთვის დახმარების თხოვნა მიჩნეულია მოულოდნელ შემობრუნებად სირიაში თითქმის შვიდი წლის წინ დაწყებულ სამოქალაქ ომში, რომელშიც ქურთების დიდი ნაწილი იბრძვის ავტონომიის მოსაპოვებლად. სირიის მთავრობის ძალები აფრინში აღარ იმყოფებიან უკვე რამდენიმე წელია - მას შემდეგ, რაც ქურთების სამხედრო შენაერთებმა კონტროლი დაამყარეს ამ რეგიონზე. თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა და სახმელეთო შენაერთებმა ექვსი დღის წინ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია მეზობელ სირიაში „ქურთი ხალხის დამცველი შენაერთების“ წინააღმდეგ, მიუხედავად აშშ-ის გაფრთხილებისა, რომ ასეთ მოქმედებას მეტი დესტაბილიზაციის საფრთხე უკავშირდება.
სირიის მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას ქურთები თურქეთის სამხედრო იერიშისაგან