Accessibility links

ჩეხეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან მოქმედი პრეზიდენტი, ექსკომუნისტი მილოშ ზემანი, და პროევროპული ორიენტაციის მეცნიერი ირჟი დრაჰოში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 14 საათზე დაიხურა. საბოლოო შედეგების გამოცხადებას რამდენიმე საათში მოელიან. ევროპის კავშირისა და ნატოს წევრ ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მეტყველებს, რომ კანდიდატებს ამომრჩეველთა დაახლოებით მსგავსი მხარდაჭერა აქვთ. ზემანს 45,5% უჭერს მხარს, დრაჰოშს კი - 45%. დაახლოებით 10 პროცენტს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 73 წლის ზემანს 2013 წლიდან უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც ძირითადად ცერემონიული ხასიათი აქვს. იგი ცნობილია სადავო გამონათქვამებით მიგრანტების, განსაკუთრებით, მუსლიმების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თბილი ურთიერთობებით. გარდა ამისა, ზემანი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა. 68 წლის დრაჰოში, რომელიც წარსულში ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიას ედგა სათავეში, პროევროპელ ლიბერალადაა ცნობილი. ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს, შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემიზმისა და პოპულიზმის ზრდის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG