Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს


ჯამილ ჰასანლი
ჯამილ ჰასანლი

აზერბაიჯანის ოპოზიციური, დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, ჯამილ ჰასანლიმ სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ კოალიცია ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 5 თებერვალს გამოსცა განკარგულება რიგგარეშე არჩევნების 11 აპრილს ჩატარების შესახებ. პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ილჰამ ალიევის განკარგულებაში არ არის მითითებული არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების მიზეზი. პრეზიდენტის მრჩევლის, ალი ჰასანოვის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, კერძოდ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღნიშვნას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმს. აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „მუსავათის“ ლიდერმა, არიფ გაჯილიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარებით, ხელისუფლებას სურს არ დაუშვას არჩევნებისთვის ოპოზიციის სათანადოდ მომზადება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აზერბაიჯანში მიმდინარეობს ოპერაცია ალიევის მმართველობის კიდევ 7 წლით გახანგრძლივების მიზნით. აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი პირველად აირჩიეს 2003 წელს, შემდეგ 2008 და 2013 წლებში. 2016 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე. მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ალი ახმედოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს ილჰამ ალიევს.

XS
SM
MD
LG