Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი


თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს 5 თებერვალს მიმართა ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით. 6 თებერვალს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა, თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას. ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განმარტებით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. დაცვის მხარე აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, რათა მან განიხილოს ექსტრადირების შეჩერების საკითხი. მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისიდან იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. მის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ჩაბუქს ადანაშაულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნის და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც.

XS
SM
MD
LG