Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სამხედრო აღლუმი მოაწყო ოლიმპიური თამაშების წინ


ფხენიანში სამხედრო აღლუმი გაიმართა, სადაც ჩრდილოეთმა კორეამ წარმოადგინა თავისი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები - ერთი დღით ადრე, სანამ მეზობელ სამხრეთ კორეაში, პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება. 2017 წლის აპრილში გამართული ანალოგიური აღლუმისგან განსხვავებით, ჩრდილოეთი კორეის ტელევიზიას 8 თებერვლის ღონისძიება პირდაპირ ეთერში არ გადაუცია და ის რამდენიმე საათის მოგვიანებით აჩვენა. ფხენიანი აცხადებს, რომ აღლუმით აღინიშნა ქვეყნის არმიის დაარსების 70-ე წლისთავი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, შავ პალტოში და შლაპაში იყო გამოწყობილი. ტელევიზიით აჩვენეს, როგორ ჩაიარა მან, მეუღლესთან ერთად, წითელ ხალიჩაზე, აღლუმის დაწყების წინ. მოედანზე მარშირებით ჩაიარეს სამხედროების დანაყოფებმა, რასაც მოჰყვა სატვირთო მანქანები, არტილერია, ტანკები და ბოლოს, როგორც ჩანდა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გამშვებ სატვირთო მანქანებზე იყო დატვირთული. ჩრდილოეთი კორეა ოლიმპიურ თამაშებზე 22 სპორტსმენს გზავნის, რომლებსაც თან წაყვება 400 პირისგან - მუსიკოსებისგან, მომღერლებისგან და გულშემატკივრებისგან - შემდგარი დელეგაცია. იუწყებიან, რომ თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება კიმ ჩენ ინის უმცროსი და. პიონჩანში თამაშები ოფიციალურად 9 თებერვალს გაიხსნება და ცერემონიას დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც სამხრეთ კორეაში 8 თებერვალს ჩავიდა.

XS
SM
MD
LG