Accessibility links

კრემლი: სირიაში მყოფ დაქირავებულ სამხედროებს "კავშირი არ აქვთ" რუსეთის არმიასთან


კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუ გასულ კვირაში, სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა რუსებს შორის, მოკლულები არ წარმოადგენდნენ რუსეთის არმიის წევრებს. ამით პესკოვი კიდევ ერთხელ შეეცადა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის დისტანცირებას იმ ცნობებისგან, რომ 7 თებერვალს რამდენიმე რუსი მეომარი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სირიაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების ძალებზე განხორციელდა იერიში. "კრემლში არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია საიმისოდ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ" - განაცხადა პესკოვმა 14 თებერვალს, იმ ფონზე, როცა მატულობს მტკიცებულებები, რომ დეირ ალ-ზორის პროვინციაში მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლნენ რუსი საკონტრაქტო სამხედროები. "ვერ გამოვრიცხავთ, რომ სირიაში შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები [იბრძოდნენ]. მაგრამ მათ კავშირი არ აქვთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან" - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. პესკოვის სიტყვებმა აირეკლა თავდაცვის სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები, რომ იმ დროს რეგიონში რუსეთის სამხედროები არ იმყოფებოდნენ. პენტაგონმა განაცხადა, რომ დეირ ალ-ზორში გასულ კვირაში მის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების სამიზნე იყო სირიის მთავრობის ძალები, რომლებიც მანამდე თავს დაესხნენ აშშ-ის და სირიის ოპოზიციის ძალების ბაზას. ინციდენტს ემსხვერპლა 100-მდე თავდამსხმელი. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ იციან მსხვერპლთა შორის რუსეთის მეომართა არსებობის შესახებ.

XS
SM
MD
LG