Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშების დახურვაზე რუსეთის დელეგაციამ ნეიტრალური დროშით ჩაიარა


სამხრეთ კორეაში, პიონჩანში დაიხურა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. დახურვის ცერემონიაზე რუსეთის დელეგაციამ ნეიტრალური დროშით ჩაიარა, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა ძალაში დატოვეს რუსეთის გუნდისთვის დოპინგის გამო დაწესებული აკრძალვა. დახურვის ცერემონიას ესწრებოდა ჩრდილოეთი კორეის მაღალი რანგის დელეგაცია, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი. რუსმა სპორტსმენებმა ჩაიარეს სტატუსით "ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან", რადგან რამდენიმე საათით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა აკრძალვა. თავის დროზე, ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს აუკრძალა პინოჩანის თამაშებში მონაწილეობა - კომიტეტი აცხადებდა, რომ ამის მიზეზი იყო სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული, სისტემური დოპინგის პრაქტიკა სოჭის 2014 წლის თამაშებზე. თუმცა, მოგვიანებით, კომიტეტმა 168 რუს ათლეტს პინოჩანის თამაშებში მონაწილეობის უფლება დართო, სტატუსით "ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან" და ოლიმპიური დროშით. არსებობდა ვარაუდი, რომ საერთაშორისო კომიტეტი დახურვის ცერემონიაზე აღადგენდა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, მას შემდეგაც კი, როცა კერლინგში ბრინჯაოს მედალოსან ალექსანდრ კრუშელნიცკის მედალი ჩამოერთვა, დოპინგის სინჯში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალის აღმოჩენის გამო. მაგრამ რუსეთის იმედი მნიშვნელოვნად შესუსტდა მას შემდეგ, რაც დოპინგის ტესტი ვერ გაიარა კიდევ ერთმა რუსმა სპორტსმენმა, ნადეჟდა სერგეევამ, რომელიც ბობსლეის სახეობაში ასპარეზობდა.

XS
SM
MD
LG