Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კვლავ ცხედრის მოლოდინშია


არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღნილი აქცია "მშვიდობა ომზე მეტია!" თბილისი, 2018 წლის 4 მარტი
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღნილი აქცია "მშვიდობა ომზე მეტია!" თბილისი, 2018 წლის 4 მარტი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შეხვდა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს და მათ პირადად მიუსამძიმრა. „დაიმედებულნი არიან საპატრიარქოს და პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, თუმცა, ვერ ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას და მათთვის დღეს ყველაზე მთავარია ცხედრის დროული გადმოცემა“ - განუცხადა 5 მარტს, ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. მისი ინფორმაციით, სხვა დანარჩენზე ოჯახი ამ ეტაპზე არ საუბრობს, რათა არ გამწვავდეს ცხედრის გადმოსაცემად მიმდინარე მოლაპარაკება. სახალხო დამცველის თქმით, მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, დღეს მისთვისაც პრიორიტეტულია ის, რაც ოჯახს სჭირდება. ნინო ლომჯარიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გააცნო ნაბიჯები, რომლებსაც ომბუდსმენის აპარატი დგამს. „ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი, რაც ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანაა ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 4 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ბოლო ინფორმაციით, უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 4 მარტს, განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. მისი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილის საპასუხოდ, რუსეთის პატრიარქი კირილე ჩაერთო ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხში, ყოველმხრივ ეცდება, რომ ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს და ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG