Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღაშფოთა ჰაკერობაში ეჭვმიტანილი ნიკულინის ექსტრადიციამ ჩეხეთიდან აშშ-ში


რუსეთი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერის ამასწინანდელი ექსტრადიცია ჩეხეთიდან აშშ-ში, მიზნად ისახავს მოსკოვსა და პრაღას შორის არსებული კონსტრუქციული ურთიერთობების „ძირის გამოთხრას“. 2 აპრილს გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული და მიზანმიმართული“, რასაც მოსკოვისაგან პასუხად მოჰყვება „ყველა აუცილებელი ნაბიჯი“ ნიკულინის ინტერსების დასაცავად. 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი ევგენი ნიკულინი ჩეხეთმა გადასცა ვაშინგტონს. ნიკულინს ბრალად ედება 2012-2013 წლებში დიდ ინტერნეტკომპანიებში - მათ შორის LinkedIn-სა და Dropbox-ში - შეღწევა. აშშ-ში მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს საქმე საერთაშორისო დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვაშინგტონის მსგავსად ჰაკერობაში ეჭვმიტანილის გადაცემას მოითხოვდა რუსეთი, სადაც 2009 წელს ნიკულინმა დაახლოებით 2 ათასი დოლარი მიითვისა. ნიკულინის გარშემო გაჩენილმა აჟიოტაჟმა ჩეხეთის მთავრობაშიც გამოიწვია დაპირისპირება. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა თავიდანვე განაცხადა, რომ ნიკულინი ამერიკისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა იუსტიციის მინისტრი რობერტ პელიკანი ამბობდა, რომ პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობების აკავშირებს რუსეთის ხელისუფლებასთან, ჰაკერობაში ეჭვმიტანილის მოსკოვისთვის გადაცემას ამჯობინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG