Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ოპოზიციის და ომბუდსმენის წარმომადგენლებით შეივსო


საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩია უმცირესობის და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატები. 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს ხმა მისცა 55-მა დეპუტატმა, 12 კი წინააღმდეგი იყო. ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, იზაბელა ოსიპოვას მხარი დაუჭირა პარლამენტის 93-მა წევრმა. უმცირესობამ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მეორედ წარადგინა, მას შემდეგ, რაც 23 მარტის სხდომაზე კაკაბაძემ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა. რაც შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატს, თავდაპირველად წარდგენილმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ. თუმცა, იმის გამო, რომ პარლამენტს ოფიციალური განცხადება არ მიუღია, 23 მარტის სხდომაზე დევდარიანის კანდიდატურას კენჭი ეყარა და მხოლოდ სამი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. იმავე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი - უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ბესიკ ლილუაშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სულ 9 წევრია. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს საპარლამენტო უმრავლესობის, სამს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG