Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ "ცეცხლს ეთამაშება"


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის ინიციატივით 5 აპრილს მოწვეულ სხდომაზე იმსჯელა დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ქიმიური იარაღის გამოყენებაში მოსკოვის დადანაშაულებას უწოდა „აბსურდის თეატრი“ და დიდ ბრიტანეთს და დასავლეთის მედიასაშუალებებს ბრალად დასდო „ბინძური თამაში“ და პროპაგანდისტული ომი, რომლის მიზანია რუსეთის დისკრედიტაცია „გებელსის მეთოდებით.“ ნებენზიას განცხადებითვე, დიდი ბრიტანეთი ცეცხლს ეთამაშება და ამას ინანებს. რუსი დიპლომატის თქმით, ლონდონი მოსკოვს მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებს, უარს ამბობს საქმის გამოსაძიებლად თანამშრომლობაზე და რუსეთის მოქალაქე იულია სკრიპალთან არ უშვებს რუსეთის კონსულს. ნებენზიას მტკიცებით, რუსული სახელწოდების მიუხედავად ნივთიერება „ნოვიჩოკის“ პატენტი რუსეთს არ ეკუთვნის. თავის მხრივ, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა განმარტა, რომ იულია სკრიპალმა თავად თქვა უარი რუსეთის კონსულთან შეხვედრაზე. პირსის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს რამდენიმე მიზეზი აქვს იმის სათქმელად, რომ სკრიპალზე თავდასხმის უკან რუსეთი დგას. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, ლონდონს მოსკოვისგან არ მიუღია პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა რუსული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. კარენ პირსმა ხაზი გაუსვა რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებებსაც, რომ ქვეყნიდან გაქცეულები მოღალატეები არიან და პასუხი უნდა აგონ. პირსმა გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება არ აღიაროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნა, თუ კვლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსი სპეციალისტები. ბრიტანელმა დიპლომატმა რუსეთის ქმედებებს უწოდა უპასუხისმგებლობა და გამოწვევა საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ ლონდონს მოსკოვისგან განსხვავებით დასამალი არაფერი აქვს. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ ბოლო დღეებში იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კი კვლავ სტაბილურადმძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG