Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაკერბერგი: ფეისბუკი "გამალებული შეიარაღების" მსგავს პროცესში იმყოფება


ფეისბუკის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ზაკერბერგმა აშშ-ის კანონმდებლებს უთხრა, რომ მისი კომპანია „გამალებული შეიარაღების“ მსგავს ბრძოლას ეწევა რუსეთის ხეშეწყობით მოქმედ ჯგუფებთან , რომლებიც ცდილობენ სოციალური ქსელის გამოყენებას არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის.

„რუსეთში არიან ადამიანები, რომელთა საქმეა, გამოიყენონ ჩვენი სისტემები და სხვა საინტერნეტო სისტემები“, განაცხადა ზაკერბერგმა სამშაბათს, აშშ-ის სენატის ვაჭრობისა და სამართლის კომიტეტებისთვის მიცემული ჩვენებისას.

მისი თქმით, ფეისბუკი გეგმავს წლის ბოლომდე 20 ათასამდე შტატიანი თანამშრომელი ჰყავდეს უსაფრთხოებისა და შინაარსის შემოწმებისთვის.

ზაკერბერგის სიტყვებით, ის ძალზე ნანობს, რომ ფეისბუკმა დროულად ვერ აღმოაჩინა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენატო არჩევნების პერიოდში.

მან ასევე თქვა, რომ ფეისბუკი თანამშრომლობს სპეციალურ პროკურორთან, რობერტ მიულერთან, რომელიც იძიებს შესაძლო კავშირებს რუსეთსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის.

33 წლის ზაკერბერგის ჩვენების ტექსტში აღნიშნულია, რომ ფეისბუკისთვის ცნობილი იყო რუსეთიდან ტრადიციულად მომდინარე კიბერსაფრთხეების, მათ შორის ჰაკერული თავდასხმების შესახებ ჯერ კიდევ წლებით ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ.

მარტში გავრცელებული ცნობებით, ფეისბუკის ათობით მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები უკანონოდ იქნა გამოყენებული აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

XS
SM
MD
LG