Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პრეზიდენტს ირჩევენ


აზერბაიჯანში მიმდინარეობს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 8 კანდიდატი მონაწილეობს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ მიერ წარდგენილი ილჰამ ალიევის გარდა, კენჭს იყრიან კიდევ 5 პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს აზერბაიჯანის ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნები კვლავ ილჰამ ალიევის სასარგებლოდ გაყალბდება. ალიევთან ერთად კენჭს იყრიან „ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის,“ სოციალ-დემოკრატიული პარტიის, „აღორძინების მოძრაობის,“ დემოკრატიული პარტიის და „თანამედროვე მუსავათის“ კანდიდატები, გუდრატ ჰასანგულიევი, არაზ ალიზადე, ფარაჯ გულიევი, სარდარ მამედოვი და ჰაფიზ გაჯიევი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი რაზი ნურულაევი და დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის 125 საარჩევნო ოლქში გახსნილია 5426 მუდმივი და 215 დროებითი საარჩევნო უბანი. ხმის უფლებით სარგებლობს აზერბაიჯანის 5 309 434 მოქალაქე. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, კენჭისყრას აკვრიდება 894 საერთაშორისო და 58 ათასზე მეტი ადგილობრივი მეთვალყურე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, თებერვალში ილჰამ ალიევმა გამოსცა განკარგულება ვადამდელი არჩევნების 11 აპრილს ჩატარების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიზეზად ის დაასახელეს, რომ ხელი არ უნდა შეეშალოს წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ღონისძიებებს - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღნიშვნას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფორუმს. 2016 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს. მას ადგილობრივი ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ ავტორიტარულ მმართველობაში და განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG