Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა


ერევნის პოლიციამ პარლამენტის მახლობლად მავთულხლართები გაშალა. 2018 წლის 16 აპრილი
ერევნის პოლიციამ პარლამენტის მახლობლად მავთულხლართები გაშალა. 2018 წლის 16 აპრილი

რამდენიმე ადამიანი დაშავდა ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ბაგრამიანის პროსპექტზე მომხდარი დაპირისპირებისას. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის შენობისკენ მიმავალ გზაზე მავთულხლართები გააბა და სპციალური საშუალებები გამოიყენა. მანამდე, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ მიღებულია დემონსტრაციის დაშლის გადაწყვეტილება. დაპირისპირებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის განცხადება, რომ სურს პარლამენტში მივიდეს მასთან მიღებაზე ჩაწერილ მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად. საპასუხოდ, ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა პაშინიანს განუცხადა, რომ პარლამენტისკენ მხოლოდ დეპუტატებს გაუშვებენ. სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას დაშავდა თავად ნიკოლ პაშინიანიც. რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს პარლამენტის წევრმა, ლენა ნაზარიანმა აცნობა, ნიკოლ პაშინიანს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანებული აქვს ხელი და სახე. ბაგრამიანის გამზირზე აქციის დაშლამდე ერევნის პოლიციამ განაცხადა, რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის გამო დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცავთა გაფრთხილება და სხვა შემზღუდავი მოქმედებები ეფექტს აღარ იძლევა, ამიტომ თუ ნიკოლ პაშინიანი აქციას არ შეწყვეტს, სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ. ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. მისი კანდიდატურა წარადგინეს სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფარქციებმა. სომხეთის პარლამენტში კენჭისყრა 17 აპრილს გაიმართება. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG