Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და მერკელმა ისაუბრეს სირიის კრიზისზე და ბალტიისპირეთის მილსადენის პროექტზე


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს სირიაში შექმნილ ვითარებაზე და კამათის საგნად ქცეულ პროექტზე, რომელიც ბალტიისპირეთის მილსადენს ეხება - იუწყება კრემლი. ამავე წყაროს ინფორმაციით, პუტინმა გააკრიტიკა საჰაერო დარტყმები, რომლებიც გასულ კვირაში განახორციელეს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ობიექტებზე. პუტინმა მერკელს განუცხადა, რომ ეს დარტყმები წარმოადგენდა აგრესიის აქტს, რომელმაც დაარღვია გაეროს ქარტია და "მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა" მცდელობას დასრულდეს სირიაში შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. აშშ აცხადებს, რომ 14 აპრილის თავდასხმების სამიზნე იყო სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურა, მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ მომწამვლელი გაზით განხორციელებულ თავდასხმას 7 აპრილს ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა მაშინ მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დოუმაში, დამასკთან ახლოს. კრემლი ასევე იუწყება, რომ პუტინმა და მერკელმა განიხილეს "ნორდ სტრიმ 2"-ის სახელით ცნობილი პროექტიც - მილსადენი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გერმანიასთან დაკავშირებას ბალტიის ზღვის გავლით. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მილსადენი გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე და გაამდიდრებს რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებს, მაშინ, როცა მოსკოვს ბრალს სდებენ ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, არჩევნებში ჩარევით და სხვა ნაბიჯებით. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. 10 აპრილს მერკელმაც მიანიშნა დაგეგმილი მილსადენის მხარდაჭერის შესუსტებაზე - თქვა, გარკვეული "პოლიტიკური მოსაზრებებია" გასათვალისწინებელიო. მერკელმა განაცხადა, პუტინს ტელეფონით ვაცნობე, რომ პროექტი არ განხორციელდება თუკი არ გაირკვევა უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლიო. დაგეგმილი მილსადენი შეამცირებს რუსეთის დამოკიდებულებას უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო გზაზე რუსეთის გაზის ევროკავშირში ჩასატანად.

XS
SM
MD
LG