Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ქიმიური იარაღის ექსპერტები დოუმაში 18 აპრილს ჩავლენ


რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტები სირიის ქალაქ დოუმაში 18 აპრილს ჩავლენ, რათა შეისწავლონ ის ადგილები, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღით მოხდა თავდასხმა - თუმცა აშშ შიშობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკვე შეცვალა ადგილზე არსებული მტკიცებულებები. 16 აპრილს ქიმიური იარაღის კონტროლის გლობალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ექსპერტებს კვლავაც არ უშვებდნენ ადგილზე. "ჩვენი გუნდი კვლავაც არ ჩასულა დოუმაში" - თქვა აჰმეტ უზუმჯუმ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურმა დირექტორმა ჰააგაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე. მისი თქმით, რუსეთის და სირიის წარმომადგენლებმა ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გასარკვევი რჩებოდა. რუსეთის რადიოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საჭირო იყო დოუმამდე ჩასასვლელი გზის განაღმვა, რასაც გაეროს სპეციალისტები 17 აპრილს შეამოწმებდნენ. კირილოვმა დასძინა, რომ OPCW-ის ექსპერტები ადგილზე ამის შემდეგ, 18 აპრილს შევიდოდნენ. დამასკთან ახლოს მდებარე დოუმაში 7 აპრილს მოხდა თავდასხმა, რომლის შედეგად დაღუპულ 43 ადამიანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აღენიშნებოდა ტოქსიკური ქიმიკატებით მოწამვლის ნიშნები.

XS
SM
MD
LG