Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა


სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტში. 2018 წლის 17 აპრილი
სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტში. 2018 წლის 17 აპრილი

ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ. სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად წარადგინეს სომხეთის მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. სარგსიანის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ სომხეთში 13 აპრილიდან დაიწყო საპროტესტო აქციები. საპროტესტო მოძრაობის, „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა 17 აპრილს განაცხადა, რომ სომხეთში იწყება არაძალადობრივი, სახალხო, ხავერდოვანი რევოლუცია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევის მოწინააღმდეგეებს ერევანში, ე.წ. მჯდომარე აქციებით აქვთ ბლოკირებული რამდენიმე სამთავრობო დაწესებულების შესასვლელები. ერევანში პოლიციის მიერ დაკავებულია სულ მცირე 80 დემონსტრანტი. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

XS
SM
MD
LG