Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ პაშინიანი: „არავინ გაბედოს ჩვენთან მუქარის ენით ლაპარაკი". სერჟ სარგსიანი: "თუკი არ იღებთ სახელმწიფოსგან კანონიერ მოთხოვნებს, ნახვამდის"


სერჟ სარგსიანი და ნიკოლ პაშინიანი
სერჟ სარგსიანი და ნიკოლ პაშინიანი

22 აპრილს, დილით ერევნის ცენტრში, სასტუმრო „მერიოტის“ შენობაში სომხეთის პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანისა და ოპოზიციონერ ლიდერ, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერ ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასასრულს პრემიერმინისტრმა ოპოზიციის ლიდერი შანტაჟში დაადანაშაულა. ნიკოლ პაშინიანმა კი პრემიერმინისტრს განუცხადა, რომ მისი გადადგომის პირობებზე სამსჯელოდ იყო მისული და არა დიალოგისთვის. სააგენტო news.am-ის ცნობით, პრემიერმინისტრმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ უპასუხეთ ჩემს მოწოდებებს მოლაპარაკებებისკენ, თუმცა, ბოლომდე კარგად არ წარმომიდგენია რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ათეულობით ჟურნალისტის თანდასწრებით. პასუხად ნიკოლ პაშინიანმა აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, არის გარკვეული „გაუგებრობა“. „როცა ბატონ სარქისიანს [სომხეთის პრეზიდენტს] ვესაუბრებოდი, მკაფიოდ ჩამოვაყალიბე, რომ ლაპარაკია არა თქვენს მიერ შემოთავაზებულ დიალოგზე, არამედ ჩვენს მიერ წამოწეულ დღის წესრიგზე. აქ მოვედი თქვენი გადადგომისა და ძალაუფლების გადაცემის პირობებზე სამსჯელოდ. ამიტომ, მოგიწოდებთ, არ გამოიყენოთ სიტყვა „დიალოგი““, - განუცხადა პრემიერმინისტრს პაშინიანმა. სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერს უპასუხა: „ეს არც დიალოგია, არც მოლაპარაკებები, არამედ უბრალოდ ულტიმატუმი, სახელმწიფოსა და კანონიერი ხელისუფლების შანტაჟი: „თქვენ ვერ იაზრებთ პასუხისმგებლობის ხარისხს, თქვენ ვერ გამოიტანეთ დასკვნები 1 მარტის [2008 წლის] მოვლენებიდან. თუკი ასეთსავე ტონში გააგრძელებთ საუბარს, მხოლოდ ის მრჩება, გირჩიოთ, რომ დაუბრუნდეთ კანონიერ ველსა და ლოგიკური მოქმედებების ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. არჩევანი თქვენზეა“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა ნიკოლ პაშინიანთან მიმდინარე შეხვედრის დასაწყისში. ნიკოლ პაშინიანის პასუხი: „არავინ გაბედოს ჩვენთან მუქარის ენით ლაპარაკი. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ის აღარ არის ისეთი, როგორიც 10-15 წლის წინ იყო. ვითარება შეიცვალა. თქვენ აღარ გაქვთ ის ძალაუფლება, რაზეც მოგახსენებენ ხოლმე. სომხეთში ძალაუფლება ხალხის ხელში გადავიდა“. სარგსიანმა განაცხადა, რომ ფრაქციას, რომელსაც ამომრჩეველთა 7-8% უჭერს მხარს, არ აქვს უფლება ხალხის სახელით ილაპარაკოს და რომ მას აღარ აქვს საუბრის გაგრძელების სურვილი: „თუკი არ იღებთ სახელმწიფოსგან კანონიერ მოთხოვნებს, ნახვამდის“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ პაშინიანთან 22 აპრილს დილით გამართულ შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG