Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება


რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება - იუწყება სააგენტო "რია-ნოვოსტი". "როცა 2012 წელს ქართული ოცნებამ გამოავლინა ინტერესი რუსეთთან ურთიერთობა გამოეყვანა იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ის შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ ამას მყისიერად ვუპასუხეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, ამ წლების განმავლობაში მან მოგვიტანა ცნობილი დადებითი შედეგები" - უთხრა ზახაროვამ ტელეარხ "დოჟდს". კერძოდ, მისი განცხადებით, განახლდა და ბევრჯერ გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგა საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო კავშირი, მოიხსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები ვიზების გაცემაზე, ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო და სპორტული კონტაქტები. "გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, ის წარმატებით გამართლდა" - თვლის ზახაროვა. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიურ პროცესებს ვერ შეაბრუნებს. ზახაროვას თქმით, ამ საქმეს მოეჭიდნენ ძალები, რომლებსაც არ მოწონთ ურთიერთობის გაუმჯობესება ორ ქვეყნას შორის. "თუმცა, ამ სინანულის აღმძრავი საქმის გარშემო საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკან დაბრუნება არ გამოუვიდათ" - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ადმინისტრაცია ამბობს, რომ ის გულის შეტევამ იმსხვერპლა, მას შემდეგ, რაც პოლიციას დაესხა თავს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მომხდარიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადასცა. თბილისში ექსპერტების და ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მრავლობითი დაზიანებები მიუთითებს და მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მკვლელობამდე არჩილ ტატუნაშვილი აწამეს. ექსპერტიზის ჩატარებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისისთვის გადაცემულ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG