Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას კომისია "მუხთარლის საქმის" გამო


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა შექმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 30 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმე მაღალი რეზონანსისაა და ერთგვარად უკავშიდება ქვეყნის რეპუტაციასაც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თითქმის ერთი წელია გამოძიებისგან პასუხგაუცემელია შეკითხვები, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამის მონაწილე და მართალია, თუ არა ის, რასაც თავად აფგან მუხთარლი ამბობს. „ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არ არის ინდივიდუალური კრიმინალური შემთხვევა. ეს არის ქვეყნის პრესტიჟის საკითხი და ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა მეტი კონტროლი უნდა განახორციელოთ აღნიშნულ საკითხზე“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა 2017 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისში გაუჩინარდა და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დააკავეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ვალუტის კონტრაბანდის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მუხთარლის განცხადებით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG