Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელმა აქტივისტმა ცხინვალის რეჟიმს სასამართლო პროცესი მოუგო


„სასამართლო პროცესი მოვიგე“ - ეს სიტყვები ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა თავის Facebook-ის გვერდზე 3 მაისს, 14:00 საათისთვის გამოაქვეყნა. ცხინვალის რეჟიმი თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ, შეთითხნილი ბრალდებებით, სისხლის სამართლის წესით, ორ საქმეს აწარმოებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, თამარ მეარაყიშვილს ბრალი ედება ცილისწამებაში პარტია „იედინაია ოსეტიას“ წინააღმდეგ.

2017 წლის 25 აგვისტოს, ახალგორის მკვიდრმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას უჩივლა ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის უკანონოდ აღძვრისთვის. 3 მაისს, ცხინვალში გამართულ სასამართლო პროცესზე, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა გადაიხედოს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა გაასაჩივრებს ცხინვალის რაიონული სასამართლოს მიერ 3 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც 2017 წელს ორჯერ იყო დაკავებული, ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მას არ ეძლევა შესაძლებლობა, გადმოვიდეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცხინვალის რეჟიმის ძალადობრივ პროცესს, რომელიც უკვე 9 თვის მანძილზე გრძელდება, თამარ მეარაყიშვილი „ტყვეობად“ მოიხსენიებს.

„თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი წარადგინა გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე.

XS
SM
MD
LG