Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი აქტივისტის გასათავისუფლებლად ჰიუმან რაიტს უოჩი დახმარებას ფიფას სთხოვს


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი დახმარების თხოვნით მიმართავს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფას), რათა საპატიმროდან გათავისუფლდეს ოიუბ ტიტიევი, ჩეჩენი უფლებადამცველი. ტიტიევი რუსეთში დაპატიმრებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით, რომლებიც, მისი თანამშრომლების განცხადებით, შეთითხნილია. ჰიუმან რაიტს უოჩი 3 მაისს გამოვიდა განცხადებით, რომ ფიფამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ კრემლის მიმართ უნდა გამოიყენოს თავისი "ბერკეტი" და მოითხოვოს ტიტიევის უპირობო გათავისუფლება. ჰიუმან რაიტს უოჩის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, რეიჩელ დენბერი ამბობს: "საფრთხის ქვეშაა ოიუბ ტიტიევის თავისუფლება და ფიფამ უმაღლეს დონეზე, სრულად უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტი". ორგანიზაცია ამბობს, რომ წერილი გაუგზავნა ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს და მოუწოდა პირადად სთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გასცეს ტიტიევის გათავისუფლების ბრძანება. 60 წლის ტიტიევი ხელმძღვანელობს რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, მემორიალის დანაყოფს ჩეჩნეთში. ის 9 იანვარს მარიხუანის ფლობის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG