Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ს დირექტორობის კანდიდატი: "დაკითხვის გაფართოებული ტექნიკა" აღარ იქნება


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატი, ჯინა ჰასპელი ამბობს, რომ აღარასოდეს აღადგენს სააგენტოს "დაკითხვის გაფართოებულ ტექნიკას", რომელსაც ხშირად წამებასთან აიგივებენ და ბევრი მწვავე კრიტიკოსი ჰყავს. ჰასპელმა, რომელიც ამჟამად სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს, აშშ-ის სენატში თქვა, რომ არასოდეს შეასრულებს ბრძანებას, რომელსაც მორალურად მიუღებლად მიიჩნევს. "ჩემი მორალური კომპასი ძლიერია" - უთხრა ჰასპელმა კანონმდებლებს. თუმცა ჰასპელმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, რას გააკეთებს, თუკი მას პრეზიდენტი ტრამპი უბრძანებს დაკავებული ე.წ. ვოთერბორდინგის მეთოდით დაიკითხოს. ვოთერბორდინგი წარმოადგენს დახრჩობის სიმულაციას, მას CIA-ში დაკითხვის დროს იყენებდნენ ტერორიზმში ზოგიერთ ეჭვმიტანილზე, ამჟამად ეს მეთოდი აკრძალულია. საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი აცხადებდა, რომ ვოთერბორდინგი აღდგებოდა და დასძენდა, რომ გაცილებით უარესი ტექნიკაც იქნებოდა შემოღებული. 2002 წელს ჰასპელი ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაკავების განყოფილებას ტაილანდში, სადაც ორი ეჭვმიტანილი ვოთერბორდინგს დაუქვემდებარეს. ამასთან, კრიტიკოსები მას ბრალს სდებენ დაკითხვების ამსახველი ვიდეომასალის განადგურებაში 2005 წელს. პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ჰასპელი შეცვლის მაიკ პომპეოს - ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენს, რომელიც გასულ თვეში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG