Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობა ხალხს დაშორდებოდა


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები„-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პარტიის შიგნით არსებული პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო საერთო პარტიული და მით უმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლება შეიქმნას. „მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს-ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სულ 3 მიზეზი დაასახელა-ესენია არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობის მუქ ფერებში წარმოჩენის მცდელობა, დესტრუქციული და არაკონკურენტუნარიანი ოპოზიცია და ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირება.

პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტები ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნებით 2013 წლის შემოდგომაზე დატოვა. აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივას იგი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში განიხილავდა-თუ სერიოზული კატაკლიზმები დატრიალდებოდა და მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენდა.

XS
SM
MD
LG