Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია პატარაია: „შს მინისტრთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარში შედგება“


პარლამენტის წინ გამართული აქციის „ჩვენი თავისუფლებისათვის“ ორგანიზატორები შს მინისტრს, სავარაუდოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარში შეხვდებიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ბაია პატარაიამ.

გიორგი გახარიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერებთან და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 13 მაისს, პარლამენტთან აქციაზე მივიდა, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერებს დახურულ კარს მიღმა ელაპარაკა, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებს მიმართა და ბოდიში მოუხადა. მისი დაპირებით, 14 მაისს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განიხილება 12 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების ყველა დეტალი და, თუკი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დამტკიცდება, „უფლება იქნება აღდგენილი“. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა 14 მაისს, დილის 10 საათზე, შს სამინისტროში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ბაია პატარაიამ განუმარტა რადიო თავისუფლებას, აქციის ორგანიზატორებს სჭირდება დრო იმისათვის, რომ დასახონ გეგმა და სტრატეგია, რომელსაც შეხვედრისას გააცნობენ გიორგი გახარიას. მისი თქმით, სწორედ, შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გაიმართება თუ არა აქცია პარლამენტის წინ შაბათს, 19 მაისს: „გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ხელისუფლება იმ დაპირებებს, რომლებიც წუხელ მოგვცეს“. რაც შეეხება 13 მაისს გამართულ აქციასა და აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას, აქციების დროებით შეწყვეტის შესახებ, ბაია პატარაია ამბობს, რომ დღის წესრიგში დადგა ადამიანების უსაფრთხოების საკითხი, რომელსაც მისი თქმით, 13 მაისის აქციაზე, სამართალდამცავები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ: „ჩვენი ამოცანა იყო, რომ გუშინ არ დაღვრილიყო არც ჩვენი აქციისა და არც ე.წ. კონტრაქციის მონაწილეთა სისხლი. არადა, სამართალდამცავებმა ჩვენ სწორედ ამგვარი რეალობის წინაშე დაგვაყენეს, რომლებმაც მოგვამწყვიდეს პარლამენტის შენობის წინ და ვერ უზრუნველყვეს კონტრაქციის მონაწილეთა შეჩერება და გადაადგილების შეზღუდვა. ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის ბოდიში, რომელიც გვესმის, როგორც მის მიერ, საკუთარი შეცდომის აღიარება, თუმცა, ეს შეცდომები მრავლად დაუშვა შს სამინისტრომ, მაგალითად, პოეტ ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული პოლიციური ძალადობა და ა.შ. ამ შეცდომებს, ბუნებრივია, ბოდიში ვერ უშველის, ამას სჭირდება გამოსწორება. ჩვენი მიზანია საპოლიციო მმართველობის დასრულება, ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას აღარ ჰქონდეს ხალხზე ძალადობის ბერკეტები. ნარკოპოლიტიკა არის ერთ-ერთი ასეთი იარაღი და ინსტრუმენტი პოლიციის ხელში, რომელსაც ის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბერკეტი გამოვაცალოთ პოლიციას და სწორედ ამიტომ სჭირდება ქვეყანას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია“, - ამბობს ბაია პატარაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG