Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსოფლიო რაგბიმ“ რუმინეთი მოკვეთა და მსოფლიოს თასის საგზური რუსეთს გადასცა


„მსოფლიო რაგბიმ“ „რაგბი ევროპის“ შეცდომები გამოასწორა და მკაცრად დასაჯა რუმინეთის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები. „მსოფლიო რაგბის“ სადავო საკითხების კომიტეტმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მონაწილე სამი ნაკრები მორაგბეთა ნატურალიზების წესების დარღვევაში ამხილა. რუმინეთის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებების ფორმა ბოლო წლებში ისეთმა მოთამაშეებმა მოირგეს, რომელთაც ამის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ. შესაბამისად, გაუქმდა ამ გუნდების ყველა სადავო შეხვედრის შედეგი.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუმინელები, რომლებსაც 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზური ჩამოერთვათ. სამაგიეროდ, იხეირა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასულმა რუსეთის ნაკრებმა - საჩუქრად მიიღო მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება, ერთ-ერთი აუტსაიდერი გერმანია კი, ესპანეთის ნაცვლად, მსოფლიოს პლეი-ოფში გადაერთვება.

„მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ შეცდომები დაშვებულია „რაგბი ევროპის“ არაკეთილსინდისიერების ფონზე და ამიერიდან „მსოფლიო რაგბი“ უფრო მკაცრ კონტროლს განახორციელებს მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის თითოეულ მატჩზე.

საქართველოს სარაგბო ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონია. ბორჯღალოსნებმა ბოლო სეზონში ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგეს.

XS
SM
MD
LG