Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი ამჯერად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციამ აღაშფოთა


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-ზეა დამოკიდებული როგორ სახეს მიიღებს შემდგომი ორმხრივი ურთიერთობა - მოლაპარაკების, თუ ბირთვული დაპირისპირების. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჩუ სონ ჰეს განცხადება, რომ თუ აშშ-ის ტონი იქნება ისეთივე თავხედური, როგორიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, ხელმძღვანელობას ურჩევს გადადოს 12 ივნისს დაგეგმილი სამიტი. ფხენიანის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მაიკ პენსმა მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის პოზიციას. რამდენიმე ხნის წინ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა შესაძლოა, დაეფუძნოს „ლიბიურ მოდელს.“ აშშ-მა ლიბიას დაახლოებით 15 წლის წინ მოუხსნა სანქციები მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ კადაფის ხელისფლებამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე. ფხენიანი მიიჩნევს, რომ „ლიბიური მოდელი“ ხელისუფლების დამხობის რისკს შეიცავს.

ბოლო კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ გადახედავს კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობას. ფხენიანმა მუქარის საბაბად ჯონ ბოლტონის განცხადების გარდა, გამოიყენა აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

23 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება მომავალ კვირაში. მოლაპარაკება 12 ივნისს, სინგაპურშია დაგეგმილი. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ სინგაპურში ყოფნის დროს ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო გადატრიალება მოხდება. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ცნობით, ფხენიანი ითხოვს გარანტიას, რომ კიმ ჩენ ინის თვითმფრინავს ექნება საკმარისი საწვავი ჩრდილოეთ კორეაში დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG