Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მეტად თანაშრომლობას სთავაზობს თბილისში მოკულული მოზარდების ოჯახებს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და ბოლო ხანს გაჩენილი შეკითხვების გამო, თანამშრომლობის გაძლიერება შესთავაზა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს. 29 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ მზად არის სამუშაო შეხვედრებისთვის მთავარი პროკურორის, პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რათა პასუხები გაეცეს მათ შეკითხვებს და მოხდეს მათი წინადადებების განხილვა, მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა.

გამოძიებას არ ენდობა ხორავას ქუჩაზე მოკულული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც აცხადებს, რომ მკვლელობაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა და მტკიცებულებები განადგურებულია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის მონაწილეობით. ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა 27 მაისს, თბილისში გამართულ აქციაზე, „ნუ მომკლავ“ პროკურატურისგან მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავის დასჯა და მტკიცებულებების განადგურებასთან კავშირის მქონე პირების და საქმის გამყალბებელი პროკურორების დასჯა.

მთავარი პროკურატურის მიერ 29 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის დანა სისხლის ლაქებით, რომელსაც ჩაუტარდა ყველა საჭირო, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა და უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა სწორედ ამ დანით მიაყენა დავით სარალიძეს რამდენიმე ჭრილობა. პროკურატურის განცხადებითვე, ექსპერტიზით დადასტურებულია ისიც, რომ საქმეში მტკიცებულების სახით არსებული კიდევ ერთი დანა ეკუთვნოდა მეორე ბრალდებულს, რომელმაც ამ დანით ორივე მოკლულს მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, რომ საქმის მასალებში მაკრატელი ფიგურირებს, პროკურატურის განცხადებით, ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელსაც ნივთი ადგილზე დარჩა და ეს დადასტურებულია ექიმების ჩვენებით. მთავარი პროკურატურის ცნობითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს მკვლელობის იარაღად მაკრატლის და სხვა მსგავსი, ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას. პროკურატურა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის მოკლული მოზარდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგან ვერც ერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც დანა ჰქონდათ, ან გამოიყენეს. პროკურატურის ცნობითვე, დაიკითხა ჩხუბში მონაწილე ბრალდებულების თანმხლები 4 არასრულწლოვანი, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებსაც დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ორ მათგანს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG