Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა


ადამიანის უფლებებზე მომუშავე 16-მა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახებს და ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე.

ხელისმომწერთა აზრით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო შემთხვევები. არასამთავრობოების განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება.

განცხადებაში ლაპარაკია ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესზეც. ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული ხელისუფლებასთან ან მმართველ პარტიასთან და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.“

განცხადებას ხელს აწერენ:სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრობა თემიდა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედია განვითარების ფონდი (MDF), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG