Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში შეიქმნა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია


რუსთავი 2 ივნისს
რუსთავი 2 ივნისს

მუშაობას შეუდგა რუსთავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია, რომელიც რუსთავის მერიაში შექმნა. 2 ივნისს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა. რუსთავის ბევრ უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ზოგ კორპუსს დენის მიწოდება მხოლოდ სამი ივნისის საღამოს აღუდგა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე გრძელდება. ირაკლი ტაბაღუამ, 4 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისი–წითელი ხიდის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სწორედ ის რისკები, რომლებიც რუსთავს უკავშირდება. საუბარია იაღლუჯის მთიდან წვიმების დროს წამოსული ნიაღვრის შემაკავაბელი კონსტრუქციების და სანიაღვრე სისტემის გაფართოება-გაგრძელებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს მელიორაციისა და ნავთობკომპანია BP-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი ნემსაძემ განაცხადა, რომ, უკვე იდენტიფიცირებულია პრობლემა და ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი უწყებებისა და სამინისტროების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მომზადდება პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგაც შესაძლებელ გახდება ძლიერი სტიქიის დროს ქალაქის დატბორვა და მძიმე შედეგების აცილება.

ჯერ კიდევ 2015 წელს რუსთავში სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად მილიონ ლარამდე ღირებულების ოთხი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტების რეალიზების შედეგად, მოეწყო ღია სანიაღვრე არხი რუსთავსა და იაღლუჯის მთას შორის, ასევე, განხორციელდა იაღლუჯის მთასთან ახლოს დასახლებული უბნების სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. მაგრამ 2 ივნისის სტიქიამ აჩვენა, რომ უხვი ნალექის დროს ნიაღვრის სრულად გატარება ახალ სანიაღვრე სისტემებში კვლავ ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG