Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, მას აქვს საკუთარი თავის შეწყალების „აბსოლუტური უფლება“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 ივნისს განაცხადა, რომ აქვს საკუთარი თავის შეწყალების „აბსოლუტური უფლება“ რუსეთთან მისი გუნდის წევრების ურთიერთობის გამოძიებასთან დაკავშირებით. „როგორც ბევრმა იურისტმა თქვა, მაქვს საკუთარი თავის შეწყალების აბსოლუტური უფლება, მაგრამ რად მინდა ამის გაკეთება, როცა ცუდი არაფერი გამიკეთებია?“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერში. სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი 2017 წლის მაისიდან აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში და ჰქონდათ თუ არა ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრებს კონტაქტი რუს ოფიციალურ პირებთან. ტრამპს ადრე ნათქვამი აქვს, რომ მიულერის დანიშვნით კონსტიტუცია დაირღვა. პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რუდოლფ ჯულიანიმ 3 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტს “როგორც ჩანს“, აქვს საკუთარი თავის შეწყალების უფლება, თუმცა მის გამოყენებას, ჯულიანის აზრით, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა. იანვარში მიულერისათვის გაგზავნილ წერილში, ტრამპის ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ ტრამპს „შეუძლია, თუ მოისურვებს, შეწყვიტოს გამოძიება, ან ძალაუფლება გამოიყენოს საკუთარი თავის შეწყალებისათვის, თუ ამას მოისურვებს“. ტრამპს ბევრჯერ აქვს უარყოფილი, რომ რაიმეს სახის შეთანხმება ჰქონდა რუსეთთან. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობაც უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG