Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ელოდება "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ პასუხს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში 16 საათამდე ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ პასუხს, ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობის შესახებ. 5 ივნისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა, თუმცა, საჭიროა მისგან ოფიციალური პასუხის მიღება. ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა 17-წევრიან კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა. ამას წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს 4 ივნისს გამართულ კონსულტაციაზე.

„კვოტების მიხედვით, 6 ადგილი კომისიაში ეკუთვნის უმცირესობას - „ევროპულ საქართველოს“ თავისი ფრაქციებით, ერთი ეკუთვნის „პატრიოტთა ალიანსს.“ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, თუმცა, დაველოდებით ოფიციალურ პასუხს მათგან. შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობა გაიზრდება 9 ადგილამდე და ერთი ადგილი დაემატება „პატრიოტთა ალიანსს.“ ეს უნდა მოხდეს ფრაქციების მიერ საკუთარი კვოტის არათვისების ხარჯზე. ერთი აუთვისებელი ადგილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. უმრავლესობის მხრიდან 2 ადგილი უნდა დარჩეს აუთვისებელი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა და წევრთა კანდიდატურები წარმოდგენილი უნდა იყოს 16 საათამდე და შემდეგ დამატებითი ვადა განისაზღვრება საბოლოო შემადგენლობის წარსადეგნად. კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 6 ივნისს გაიმართება.

საპარლამენტო უმცირესობამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ 4 ივნისს დაასახელა სერგი კაპანაძის კანდიდატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG