Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე: საგამოძიებო კომისიის მუშაობას ვერავინ გააჭიანურებს


დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და კომისიის წევრი ელენე ხოშტარია
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და კომისიის წევრი ელენე ხოშტარია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა კომისიასთან ითანამშრომლოს 24-საათიან რეჟიმში. რაც შეეხება სარალიძის მიერ კომისიის წევრის, ეკა ბესელიასთვის უნდობლობის გამოცხადებას, კაპანაძის თქმით, მას კარგად ესმის ზაზა სარალიძის დამოკიდებულება. „კარგი იქნებოდა, თავის დროზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო „ქართულ ოცნებას,“ მაგრამ ახლა კომისია გააგრძელებს მუშაობას და თქვენ მოისმინეთ მისი პოზიცია და ჩემი პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა იქნება. ამიტომ, ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ, ამას ვნახავთ და ეს უკვე მათ უნდა კითხოთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისია დღესვე ელოდება საგამოძიებო მასალების მიღებას. „ბატონ ზაზას ბევრჯერ უთქვამს კონკრეტული გვარები და თავისი ვერსიაც, თუ რა მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია კომისიასთან მოვიდეს ეს მასალები. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, გვექნება საშუალება, რომ ყველა ინფორმაცია შევაჯეროთ და საბოლოო ჯამში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას იმ მიზნით, რომ იქნას სიმართლე გამოკვლეული“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, კომისია დაიბარებს ყველა ადამიანს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, იმუნიტეტი არავის ექნება და ვერავინ შეძლებს კომისიის მუშაობის გაჭიანურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG