Accessibility links

დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებას" სამი წინადადება შესთავაზა


დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის" ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უსურვა სწორი გადაწყვეტილების მიღება

"14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ. მან შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი“ - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა. მან გიორგი კვირიკაშვილს უსურვა წარმატება და ამქვეყნად ამაყად სიარული.

„ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ, ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულად გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ" - განაცხადა უსუფაშვილმა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, "შენების მოძრაობის" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მიმართა სამი წინადადებით: ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება და უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG