Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შეუერთდა მიმართვას რუსეთში მყოფი უკრაინელი პატიმრების გასათავისუფლებლად


14 ივნისს კიევში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით
14 ივნისს კიევში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

გაეროს წევრმა 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან განიხილოს რეჟისორ ოლეგ სენცოვის და რუსეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა უკრაინელების გათავისუფლების საკითხი. გუტერეშის და პუტინის შეხვედრა 20 ივნისს, მოსკოვში გაიმართება. გაეროს პორტუგალიელი გენერალური მდივანი დაესწრება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩსაც პორტუგალიის და მაროკოს გუნდების მონაწილეობით.

გაეროს წევრი 38 ქვეყანა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მიმართავს, რომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია რუსეთის საპატიმროში 14 მაისიდან მოშიმშილე ოლეგ სენცოვის საკითხი. „მისასალმებელია გაეროს ჩართულობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენ მხარს დავუჭერთ შემდგომ ნაბიჯებს უკანონოდ დაპატიმრებულთა მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სააგენტო „ფრანს-პრესმა“ გაავრცელა. გენერალურ მდივანს მიმართვა 14 ივნისს გადასცა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ელჩენკომ. მან ანტონიუ გუტერეშს გადასცა რუსეთში მყოფი ათობით უკრაინელი პოლიტპატიმრის სიაც, რომელშიც ოლეგ სენცოვთან ერთად არიან ანტიფაშისტი ალექსანდრ კოლჩენკო, ისტორიკოსი სტანისლავ კლიხი და პოლიტიკოსი ნიკოლაი კარპიუკი.

გაეროს გენერალური მდივნისადმი მიმართვის ხელმომწერ 38 ქვეყანას შორის არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, ავსტრალია, კანადა თურქეთი, საქართველო და მოლდავეთი.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მათგანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა.“

ოლეგ სენცოვი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისიდან შიმშილობს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG