Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სახალხო დამცველს არ მისცეს რუსეთის საპატიმროში მყოფ ოლეგ სენცოვთან შეხვედრის უფლება


ოლეგ სენცოვი
ოლეგ სენცოვი

უკრაინის პარლამენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითხებში, ლუდმილა დენისოვას არ მისცეს რუსეთის ქალაქ სალეხარდში მდებარე საპატიმროში მყოფი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის მონახულების უფლება. დენისოვას ინფორმაციით, ადგილზე შეხვდა კოლონიის უფროსს და სასჯელაღსრულების ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელს, რომლებმაც განუცხადეს, რომ სენცოვთან შეხვედრა შეუძლებელია, თუმცა, მიზეზი არ განუმარტეს. უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, თხოვნის მიუხედავად არ მისცეს ინფორმაცია სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რუსეთის დუმის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა რუსეთში შეთანხმების დარღვევით ჩავიდა. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მას რუსულმა მხარემ ოლეგ სენცოვის მონახულება 22 ივნისის შემდეგ შესთავაზა, რაც მიუღებელია გამომდინარე იქიდან, რომ სენცოვი უკვე თვეზე მეტია შიმშილობს. სახალხო დამცველების მიერ რუსეთსა და უკრაინაში მყოფი პატიმრების მონახულებაზე 9 ივნისს, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ პრეზიდენტები, პუტინი და პოროშენკო.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოლეგ სენცოვი, 14 მაისიდან შიმშილობს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG