Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს კონგრესში მომზადდა საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის მხარდამჭერი რეზოლუცია


აშშ-ის კონგრესში ინიცირებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდამჭერი, ორპარტიული რეზოლუციის პროექტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციის ავტორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო. ამ ეტაპზე რეზოლუციას ჰყავს 8 თანაავტორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, რეზოლუციის ინიცირება წინ უძღვის ვაშინგტონში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პარლამენტების სპიკერების ვიზიტს, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 22 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე. რეზოლუცია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების და ხალხისადმი და ევროკავშირში ამ ქვეყნების ინტეგრაციისადმი.

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები; შეწყვიტოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო სამხედრო შენაერთების და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებები. რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

ამერიკელი კონგრესმენები მიესალმებიან რუსეთის დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მთავრობებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან გასამკლავებლად და მხარს უჭერენ ამ ქვეყნების შესაძლებლობების განმტკიცებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების მხარდაჭერისაკენ, მათ შორის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაზრდას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან აწარმოოს დიალოგი, რათა დაეხმაროს მათ შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციას კენჭს უყრიან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტს კენჭი ეყრება პლენარულ სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG