Accessibility links

შსს: რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ძებნილი ყაზახეთს გადაეცა


შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთის მოქალაქე, მკვლელობის და ყაჩაღობისთვის ინტერპოლით ძებნილი ბ.ლ, რომელიც 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, ყაზახეთს გადაეცა. შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე 26 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ექსტრადიცია 24 ივნისს განხორციელდა, მას შემდეგ რაც ამოიწურა ამ პირისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელის ვადა. ყაზახეთის მოქალაქის დაკავების მომენტში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. შსს-ს ინფორმაციით, ყაზახეთის ძებნილი მოქალაქე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა, ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, პირადი ჩხრეკისას კი დანა აღმოაჩნდა.

ყაზახეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირი ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე წლის წინაც დააკავეს.

13 ივნისს, რადიო თავისუფლებას მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ „2014 წლის 5 სექტემბერს პროკურატურის შუამდგომლობით უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ბ.ლ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადირება, თუმცა ის მიიმალა და ამ დრომდე იძებნებოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ.“ პროკურატურამ არ უპასუხა შეკითხვებს, როგორ მოახერხა მიმალვა საექსტრადიციო პირობებში მყოფმა პირმა და იმყოფებოდა, თუ არა ამ წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG