Accessibility links

გალის შეხვედრაზე აფხაზური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" აპროტესტებს


ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა. ენგურის ხიდის გავლით გალში გამგზავრებამდე, თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ამჯერადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2016 წლის 19 მაისს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. ანთაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, მათ შორის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები.

რაც შეეხება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, ირაკლი ანთაძის თქმით, ამ საკითხზე კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

26 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოქვეყნების შემდეგ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა. აფხაზური მხარე ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო დანგრევაზე პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესიულ პოლიტიკას აფხაზეთის და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულ ზიანს აყენებს მოლაპარაკების არსებულ პროცესს.

„ფაქტობრივად, ქართულმა მხარემ რაიმე ობიექტური საფუძვლის გარეშე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და ისინი შეიტანა „შავ სიაში,“ რომელიც გულისხმობს საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას“ - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მისი ინფორმაციით, აფხაზური მხარე გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და ამ საკითხს დასვამს გალის შეხვედრაზეც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG