Accessibility links

მომავალი ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს


აბიტურიენტები რეგისტრაციას გადიან. 2018 წლის, 2 ივლისი

საქართველოში დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. წლევანდელი გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 ათასამდე აბიტურიენტი. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, შეიცვალა პირველი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის განრიგი. 2 და 3 ივლისს, 14 საათის მეორე სესიისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდას 4 და 5 ივლისს დილის 8 საათზე ჩააბარებენ.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის პოზიციაა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. „შესაძლებელია გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლისთვის ამ მიმართულებას განვიხილავთ“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა. ჩხენკელის განმარტებით, 2-5 ივლისის ჩათვლით ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილით. მინისტრის ინფორმაციით, ამ კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერით. „პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG