Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს "ჯაშუშობაში ბრალდებულის" ტენდერში მონაწილეობის საკითხს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, შესყიდვებში კონკრეტული კომპანიების მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ინფორმაციას დაზუსტება სჭირდება. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებული განმარტებით, შპს “მარგიო“ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს, სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა ფარულია და ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს.

„ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის, ან დამფუძნებლის ნასამართლეობის, ან წარსული საქმიანობის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს განმარტებითვე, „მარგიოს“ არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საიდუმლო შესყიდვებში, რადგან ამ ტიპის შესყიდვების განსახორციელებლად, სახელმწიფო საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვის და უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია უნდა ფლობდეს საიდუმლო დაშვების ნებართვას სახელმწიფო საიდუმლოების კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, რაც „მარგიოს“ არ გააჩნია და მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რაც შეეხება შესყიდვებში „გლობალ თრეიდ გუპის“ მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კომპანიას 2017 წლის ნოემბერში აქვს განხორციელებული ერთადერთი მიწოდება, რომელიც 14 981 ლარის ღირებულების სამედიცინო ნემსების შეძენას ეხება.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგეს და სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ. დევრიშაძე 2010 წელს, „ენვერის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაციისას დააპატიმრეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთან თანამშრომლობის ბრალდებით. 13 დაკავებული პირიდან დევრიშაძე ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG