Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე


გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი დონალდ ტრამპს
გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი დონალდ ტრამპს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკელ ხალხს მიულოცა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუგზავნა მისალოცი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალი ეპოქის შექმნას შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. სხვა ქვეყნებისთვის ამერიკა ყოველთვის თავისუფლების შუქურა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი იყო.“

გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული არასტაბილური და ცვალებადი გარემოს პირობებში, აშშ დონალდ ტრამპის ხლმძღვანელობით, გამოწვევებს წარმატებით გადალახავს და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს უდასტურებს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ძლიერ პარტნიორად და მტკიცედ იდგება საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მომავალში ქართულ-ამერიკული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს უსურვებს წარმატებას ყველა სამომავლო წამოწყებაში და სიმშვიდესა და სტაბილურობას მეგობარ ამერიკელ ხალხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG