Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ქალის სიკვდილი გამოიწვია რუსეთის "თავდასხმამ"


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან "თავდასხმამ" გამოიწვია სამი შვილის დედის სიკვდილი - ქალის, რომელსაც შეხება ჰქონდა იმავე ნერვულ ნივთიერებასთან, რომლითაც მარტში მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. კრემლი აცხადებს, რომ მოსკოვის დადანაშაულება აბსურდია. 9 ივლისს უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი 44 წლის ქალის, დონ სტურჯესის გარდაცვალების შესახებ ერთი დღით ადრე. სტურჯესი სამხრეთ ინგლისში დაიღუპა, პოლიციის თქმით ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან" შეხების შედეგად. "მარტივი რეალობაა ის, რომ რუსეთმა ბრიტანეთის მიწაზე თავდასხმა განახორციელა, რასაც ბრიტანეთის მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა პარლამენტარებთან საუბრისას. "ვფიქრობ, ამ საკითხში მსოფლიო გვერდით დაგვიდგება და მომხდარს დაგმობს" - დასძინა მან. უილიამსონის განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, ნებისმიერ შემთხვევაში აბსურდია რუსეთის დადანაშაულება სტურჯესის მოწამვლაშიო. მისი თქმით, რუსეთი ღრმად შეშფოთებულია "ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ მომწამვლელი ნივთიერებების კვლავ არსებობით" და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ ევროპის სხვა ხალხებსაც. პესკოვის ამ განცხადებებმა გაიმეორა კრემლის მიერ რუსეთის ჩართულობის სისტემატური უარყოფა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში, რომლებიც 4 მარტს მოწამლეს "ნოვიჩოკით". სკრიპალები ინტენსიური მკურნალობის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს. ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, სტურჯესი და მისი ბოიფრენდი, ჩარლი როული 30 ივნისს უგონო მდგომარეობაში იპოვეს ამესბერიში, რომელიც 20 კილომეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული სალისბერის, სკრიპალების მოწამვლის ადგილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG