Accessibility links

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპ-პუტინის შეხვედრა არ ჩაიშლება


თეთრმა სახლმა უარი თქვა რამდენიმე წამყვანი ამერიკელი კონგრესმენის მოწოდებაზე, გაუქმედეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილი სამიტი ამერიკელი პროკურორების მიერ გამოქვეყნებული ბრალდების შემდეგ, რომელშიც პირველად არის დადანაშაულებული რუსეთის ხელისუფლება 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში პირდაპირი ჩარევისათვის. 13 ივლისს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტაინმა ბრალი დასდო რუსეთის სამხედრო დაზვერვის 12 ოფიცერს, რომლებმაც გამოძიების თანახმად, მოიპარეს და გაასაჯაროვეს ათასობით დოკუმენტი და იმეილი, რამაც ზიანი მიაყენა არჩევნების დროს დონალდ ტრამპის დემოკრატ მეტოქეს, ჰილარი კლინტონს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შოტლანდიიდან ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის ბრალდებას. ტრამპის თანახმად, საბრალდებო დასკვნაში მოტანილ ფაქტებს ადგილი ჰქონდა არა მისი, არამედ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. „აშშ-ის სპეცსამსახურებმა რატომ მაშინ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 2016 წლის შემოდგომაზე არ იღონეს არაფერი, როდესაც ამის შესახებ ობამას მოახსენეს“? - სვამს კითხვას ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG