Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას თბილისს და დასავლეთს აკისრებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ გამო. ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ „მსგავსი სრულფორმატიანი სამხედრო აქციები ტარდება პირდაპირი მხარდაჭერით და დაფინანსებით აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნებისა, რომლებიც თავისი ქმედებებით შეგნებულად ახალისებენ საქართველოს შემდგომი მილიტარიზაციის პროცესს.“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის პერმანენტული ზრდა არყევს მშვიდობის და სტაბილურობის საფუძველს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე განცხადების თანახმად, დასავლეთის ქვეყნების კოალიციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოსთვის ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარებისკენ, შეუძლია რეგიონში ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს და სერიოზულად დააზარალოს კონფლიქტის მოგვარების არსებული, საერთაშორისო ფორმატის მუშაობა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს და დასავლეთს და აცხადებს, რომ „საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ მოქმედებებზე სიმეტრიული პასუხის სახით, აფხაზური მხარე აპირებს უფრო ინტენსიური გახადოს სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება.“

საქართველოში 1 აგვისტოს დაიწყო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018.“ მასში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის 3000-ზე მეტი სამხედრო და ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები.

XS
SM
MD
LG