Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა „დრაკონული“ უწოდა აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს


აშშ-ში რუსეთის საელჩომ „დრაკონული“ უწოდა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს დიდ ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობისათვის. 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საელჩო „შეთითხნილს“ უწოდებს ბრალდებას და აცხადებს, რომ არც ვაშინგტონს და არც ლონდონს არ წარმოუდგენიათ მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის მიზნით და ამის გამო ვაშინგტონი რუსეთს უწესებს ახალ სანქციებს, რომლებიც 22 აგვისტოდან ამოქმედდება. თუმცა, უკვე 9 აგვისტოს სავალუტო ბაზარზე სარეკორდოდ, 2016 წლის დონეზე, დაეცა რუსული რუბლის კურსი. რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტლიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG